გამქრალი სოფელი ავნევი

კონფლიქტი

კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ჩრდილო მეზობელმა – რუსეთმა ოსებსა და ქართველებს შორის ჩამოაგდო და რომელსაც უამრავი სოფელი, მათ შორის სოფელი ავნევიც შეეწირა, მე–20 საუკუნიდან იღებს სათავეს. ოსი სეპარატისტები, ჯერ კიდევ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნამდე ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. სეპარატისტების თავისუფალ საქმიანობას ფრთები შეესხა, როდესაც 1922 წლის 20 აპრილს, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ, N2 დეკრეტით გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა. აღნიშნული ოლქი იყო ეროვნულ ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით და მისი არსებობის არცერთ პერიოდში, არ ყოფილა საქართველოს იურისდიქციის გარეთ.

დეკრეტი N2, მიღებული სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ, ეხება სამხრეთ–ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის საკითხს
აგვისტოს ომი
საქართველოს ერთ–ერთი კუთხის, შიდა ქართლის ტერიტორია, ოთხი ადმინისტრაციული რაიონისაგან შედგება: ქარელის, კასპის, გორის, ხაშურისა და ჯავის. სოფელი, რომელიც რუსეთის ჩვეულ აგრესიას შეეწირა ქარელის რაიონში მდებარეობდა. ავნევი თიღვის მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგედნდა. 2008 წლის ომის დროს სოფელ ნულთან ერთად, ავნევიც რუსული არმიისა და ოსი სეპარატისტების ერთ–ერთი პირველი სამიზნე გახდა. 7 აგვისტოს, დაბომბვის შედეგად სოფელი ფაქტობრივად განადგურდა და მოსახლეობას იმავე დღეს მოუწია სოფლის საბოლოოდ დატოვება, სოფლის, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა...

სოფელ ავნევიდან იძულებით გადაადგილებული პირები ყვებიან, რომ სოფელს ჰქონდა ორსართულიანი სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, ფოსტა, აბანო, სამედიცინო დაწესებულება, პოლიციის შენობა, კაფე, სპორტ–დარბაზი და რამდენიმე საფეხბურთო მოედანი. სოფელში ასევე, რამდენიმე ადგილას იყო სამკურნალო წყარო, რომლის განსაკუთრებული გემო დღესაც ყველა ავნეველს ახსოვს.



მდინარე ფრონეს, რომლის ნაპირზეც ავნევი იყო გაშენებული, შუა წელზე მდინარე მტილიანა კვეთდა, ამის გამო ეწოდა ზემო ავნევს მტილიანა. თავად ტერმინი ძველ ქართულში ბაღს ნიშნავს. ოსები ძირითადად სწორედ აქ, ზემო ავნევში, XVII-XVIII სს.ში ჩამოსახლებულან. ავნევში მცხოვრები უფროსი თაობა გვიყვება, რომ ოსებსა და ქართველებს შორის კარგი ურთიერთობა არსებობდა, იყო ბევრი შერეული ოჯახი. ეს მოსახლეობისთვის იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ეთნოსებს ერთმანეთისაგან არ ასხვავებდნენ და ერთმანეთის კულტურაც ბუნებრივად ჰქონდათ შეთვისებული.
2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელ ავნევში 1022 კაცი ცხოვრობდა, ხოლო 2015 წლის აღწერით 6 ადამიანი. ისინი სოფლის განაპირა რამდენიმე შემორჩენილ, სოფლიდან იძულებით გადასახლებულ პირთა სახლებში შეასახლეს. დღეს ავნევი ტყედ არის ქცეული, იქ არცერთი ძველი, მნიშვნელოვანი ნაგებობა აღარ დგას, გარდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისა.
სოფელ ავნევის მსგავსად, ცხინვალის რეგიონში კიდევ13 სოფელი ტყედ არის ქცეული. თითოეულს აუცილებლად ექნებოდა თავისი სათქმელი, საკუთარი ისტორია, ურთიერთობები და ფასეულობები, რომლებიც რუსეთმა, აგვისტოს ომის დროს, რამდენიმე დღეში გააქრო.
ავტორი
ნათია მახარაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website